AF&AM Grand Lodge of Georgia - Orient of Tbilisi

საქართველოს დიადი ლოჟა

Home / ორდენის ფესვები

ორდენის ფესვები

მასონური ორდენის მკვლევართა ნაწილი მიუთითებს იმ უტყუარ ფაქტებზე, რომ ჯერ კიდევ ეგვიპტის პირამიდების აგების ხანაში არსებობდა ქვისმთლელთა გილდიები; რიგი ავტორი მასონური ორდენების ისტორიას იწყებს ჯვაროსნური ლაშქრობების ხანიდან, ზოგიც პირდაპირ მეთვრამეტე საუკუნიდან, როდესაც ინგლისში ოფიციალურად  დაარსდა ინგლისის დიდი ლოჟა. არის ავტორთა ჯგუფი, რომელიც მასონთა ისტორიას იწყებს  მეფე სოლომონიდან, რომელმაც იერუსალიმში ტაძარი ააგო.

შეჯერებული ვერსია, რომ მოვიშველიოთ, რამდენიმე ორგანიზაციისა და პირთა ჯგუფის ისტორია და რეალობა უნდა დავაკავშიროთ ერთმანეთს. არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ მასონები, როგორც ორგანიზებული საძმო, არსებობდა ეგვიპტის უძველესი პირამიდების აგების ხანაში. გარკვეული სიმბოლიკა და მითოსი წარმოდგენილია და ნაწილობრივ გამოიყენება მასონური რიტუალების დროს. თუ დავეყრდნობით კონკრეტულ ფაქტებს და გავაანალიზებთ მათ, დავინახავთ, რომ მასონურ ორდენს საფუძველი (დღევანდელი სახით) ჩაუყარეს შუა საუკუნეების ქვისმთლელებმა, რომლებიც იმ პერიოდში იყვნენ საკმაოდ საჭირო, იშვიათი და ძვირადღირებული ოსტატები, არქიტექტორები და ინჟინრები. მათ ანდობდნენ ევროპის ყველაზე მნიშვნელოვან საერო და საეკლესიო მშენებლობებს. გეომეტრიის, არქიტექტურისა და ინჟინერიის ცოდნა ისეთი იშვიათი იყო, რომ ქვისმთლელები (მასონი ფრანგული სიტყვაა და სწორედ ქვის მთლელს ნიშნავს, ფრანკ მასონი კი – თავისუფალ ქვის მთლელს) გაერთიანდნენ გილდიებში (პროფესიულ ერთობებში) სადაც ცოდნის გადაცემა ხდებოდა მხოლოდ თაობიდან თაობაზე.

გილდიებში ახალი კანდიდატების მიღება საკმაოდ რთულად, სერიოზული სელექციისა და ნდობის საფუძველზე ხდებოდა. ოსტატებს ჰქონდათ უფლება თავისუფლად ემოძრავათ ერთი სამეფოდან მეორეში, რაც გამოწვეული იყო მათზე არსებული მოთხოვნილებით ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით სხვადასხვა მეგა მშენებლობებზე. ამ პერიოდიდანვე ეწოდა ამ გილდიებს თავისუფალ ქვის მთლელთა კავშირები. შესაბამისად, საჭიროებამ მოიტანა მრავალი საიდუმლო ნიშნის, მისალმებისა და შეკრების დროს გამოსაყენებელი სიმბოლოების დანერგვა. უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ოსტატი თავისუფლად ამტკიცებდა გილდიასთან საკუთარ კავშირს, ვინაიდან სიმბოლოებისა და ნიშნების უმეტესობა (ლენდმარკები) საერთო იყო.

ფაქტობრივად, დღეს არსებული მასონური საზოგადოების წინამორბედნი და სულის ჩამდგმელნი იყვნენ:  შუა საუკუნეების პროფესიონალი ქვისმთლელები (არქიტექტორები, ინჟინრები და მშენებლები); სხვადასხვა ქრისტიანული ორდენი, მათ შორის ტაძრის რაინდთა (ტაძრელები) სამხედრო ორდენი, და რენესანსის ხანიდან მოყოლებული ის ხელოვანი, ინტელექტუალი და მოაზროვნე ადამიანები, რომელთა საქმიანობაც კათოლიკური ეკლესიის წარმოსახვაში იყო საშიში, მისი აბსოლუტური მმართველობის საფუძვლებისთვის და მასების კონტროლის სისტემისთვის.პირველი დოკუმენტური ნიმუშები ლოჟების მუშაობის, ოპერირებისა და რიტუალების შესახებ გვხვდება 17-ე საუკუნეში. რაც, მიუთითებს იმაზე, რომ ლოჟები გაცილებით უფრო ადრე ჩამოყალიბდა და განვითარდა. მაგ. 1646 წლის დოკუმენტში ნათლად ჩანს, თუ როგორ მიიღეს წევრად ინგლისელი კაცი, ვინმე ელიას ეშმოლი ერთ-ერთ ლოჟაში. 1717 წლის 24 ივნისს კი, ლონდონის ოთხი ლოჟა შეიკრიბა ლონდონის წმ. პავლეს საკათედრო ტაძრის ეზოს ტერიტoრიაზე, ტავერნაში და შეიქმნა მსოფლიოში პირველი დიდი ლოჟა, რომლის დიდ ოსტატად აირჩიეს ენთონი სოიერი. 1723 წელს გამოიცა მასონთა კონსტიტუციის წიგნი (ანდერსონის კონსტიტუცია).  1751 წელს ინგლისში ალტერნატიული დიდი ლოჟა შეიქმნა, რომელიც არ აღიარებდა იმ სიახლეებს, რომელიც მასონურ ორგანიზაციაში ინერგებოდა. თუმცა 62 წლის შემდგომ 1813 წლის 27 დეკემბერსეს ორი დიდი ლოჟა გაერთიანდა და ჩამოყალიბდა ინგლისის გაერთიანებული დიდი ლოჟა (იგდლ -UGLE). ინგლისის გაერთიანებული დიდი ლოჟა დღემდე ითვლება ე.წ. „დედა ლოჟად“.

სოციალური ქსელები